0

ახალი ბლოგი მაქვს

Posted by zurriuss on 10:38 AM
გამარჯობა,
ჩემი ახალი პოსტები ამ მისამართზე ნახეთ:

დიდი მადლობა :)

0

ექს–ვარსკვლავთმრიცხველი შალვა ჯიპაში


ჰოდა 9 ოქტომბერს (ანუ გუშინ), როცა ჩვენი ერთ–ერთი ჯიპელი მეგობრის, ქეთის დაბადების დღე იყო. ინამ (ესეც მეგობარია) მშვენიერი ტორტი გამოაცხო. ისეთი, რომ ყველა აღგვაფრთოვანა.
ის იყო და შევუდექით ტორტის ჯიპასეულ კაფეში "ხერხვას", ამ კაცმა ჩამოგვიარა და შენობაში "გაუჩინარდა" (ანუ კაფედან გავიდა). ცოტა ხანში მეც გავყევი. აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტიკის ქართული სექტორის სტუდენტებთან ჰქონია შეხვედრა.
შევყავი თავი და ეგრევე სიცხე, ყაყანი და გაწევ–გამოწევა შემომეფეთა... დავრჩი.
სიტუაცია
ყვირილი, ერთმანეთის არმოსმენა. უცენზურო სიტყვები ორივე მხრიდან. ემოცია. ჩამჭრელი კითხვები (ანა ქეშელაშვილის გამამხნევებელ გამოხედვებს რა დამავიწყებს)... და ფრაზა–შეკითხვა: "რომელს გაქვთ ჩემხელა რეიტინგი?"
რა უნდოდა შალვას?
ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა იქ მყოფს საკუთარი მოსაზრება შეგვექმნა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ციხიდან გამოსულ სკანდალურ შალვას რეიტინგის ამაღლება და "ცამდე ატყორცნა" სურს – ისე, როგორც აშშ–ში ემართებათ ხოლმე. საკუთარი თავის პიარს აქტიური, ზოგჯერ აგრესიული მეთოდებით ეწევა. ამას კარგად მიხვდებოდით იმ შეხვედრაზე.
შალვა და ჟურნალისტიკა
ამ ადამიანის თქმით, ჟურნალისტიკაში უმთავრესია რეიტინგი. 0 რეიტინგი = სიკვდილსო – აღნიშნა შალვამ. თქვა, რომ ფულის გულისთვის ადამიანი (ჟურნალისტი) ყველაფერს გააკეთებს და ასეც უნდა იქცეოდეს. ამაზე ატყდა ერთი ამბავი და ისტერიკა. მეც ვიაქტიურე... შალვას ჟურნალისტური ეთიკა და მორალი გაახსენეს. ამ უკანასკლელს კი ეს სიცილად არ ეყო.
მერე "პროფილიცა" და "ცხოვრება მშვენიერიაც" მილანძღა გემრიელად. პრინციპში, ამაში ხელი არც ჩვენ შევუშალეთ. შემდეგ ისევ სიმართლის თქმაზე გადავედით, რომელსაც ისევ და ისევ ფული და რეიტინგი მართავს – შალვას ფილოსოფია. ჟურნალისტიკა შოუა და ეს ნიუსებზეც ვრცელდება. ჩვენ ვართ შოუმენებიო, – დიქტოფონი არ მქონდა და არაზუსტი ციტირებისათვის ნუ გამასამართლებთ.
როცა ვკითხე, როგორი იქნებოდა ჟურნალისტიკა საქართველოში 5 წლის შემდეგ, თუკი ყველაფერი შალვასეული ხედვით განვითარდებოდა, შემოვლითი პასუხი მივიღე. ახლაც ვერ ვიხსენებ, ზუსტად რა თქვა. რაღაც არაშალვასეული (თორემ დამამახსოვრდებოდა).
როცა მის ახალ შოუზე შევეკითხეთ, დაიწყო, 1 საათი უკვე გავიდაო. მაინც ვათქმევინეთ რაღაც:

  1. შოუში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია
  2. მათ წინასარ ამოწმებენ სიცრუის დეტექტორზე და უსვამენ 50 შეკითხვას, რომელთა პასუხებიც შალვამ არ იცის (ნუ თვითონ ასე თქვა)
  3. წამყვანი ამოარჩევს 21 კითხვას და გადაცემაში დაუსვამს
  4. თუკი მოთამაშე სრულიად მართალი და რკინის ნერვების პატრონი აღმოჩნდება, 100000 მისია
რატომ "ვარსკვლავთმრიცხველი" შალვა? 
კი მაგრამ, "ბასტი–ბუბუ" არავის გიყურებიათ? კარგად მახსოვს, VI-VII კლასში ვიყავი ეგ ტიპი რომ ვარსკვლავთმრიცხველობას იჩემებდა და ჭოგრიტით ხელში ბასტისა და ბუბუს საოცნებო ქინდერლანდიის მოძებნაში ეხმარებოდა :)
ასეა, ცხოვრება გრძელდება – ადამიანები იცვლებიან... ან ხელსაყრელ დროს ეძებენ, თავიანთი თავი რომ გამოამჟღავნონ.





1

ევროპაზე მიხატული საქართველო

დღეს პირველ-კორპუს-გასარემონტებლად-გამზადებული უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში შევიარე. ლექტორი არ მოვიდა და რაღაც… ნუ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჰოდა, როცა ტუტორების კაბინეტში შევედი და საუბრისას ჩემებურად დავიწყე ყველაფრის თვალიერება, უცებ პირი დავაღე: კედელზე დაკიდულ პლაკატზე, ევროპის საელმწიფო დროშებს შორის, საკმაოდ ამაყად გამოჭიულიყო საქართველოს თეთრ-წითელი ალამი. უნებურად გავიფიქრე: “ამას აქ რა უნდა?” მერე წამოიყარა კითხვები: “უკე შევედით ევროპულ ოჯახში?”, “უკვე გავიაზრეთ ევროპული ღირებულებები?”, “უკვე მივედით იმ დასკვნამდე, რომ მომსახურების გადახდის რიგი არის გრძელი ჯაჭვის ფორმის და არა ხალხთა ხროვის?”… თუ ეგრეა, მაშინ საღოლ ჩვენ! მაგრამ ეგრე რომ კარგა ხანს კიდევ არ იქნება, ამაზეც საღოლ ჩვენ!

ერთხელაც ინტერკულტურული კომუნიკაციის ლექციაზე ჩამოვწერეთ ევროპული და აზიური ღირებულებები. ქართული კი მათ შუაში მოვაქციეთ. რომ ავიღეთ რაიმე საკითხი (ევროპისათვის ან აზიისთვის დამახასიათებელი) და განვიხილეთ, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველაფერში საქართველო არის ანაქრომიზმი: იგი არც ევროპასთან არის ახლოს, არც აზიასთან.
 
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა: ჩემმა ლექტორმა თქვა, ქართველები ევროპელებს მხოლოდ სიგარეტის მოწევა-არმოწევის საკითხში ვგავართო. მართალიცაა, ჯანდაცვის სამინისტრო გვაფრთხილებს, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენთან უკვე არსებობს სპეციალური ბარ-რესტორან-სახინკლეები, სადაც მოწევა ან აკრძალულია, ან მწეველთათვის ცალკე ადგილებია გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს აგიტაციებს მწეველთა რაოდენობა ჯერჯერობით არ შეუმცირებია, ნეტა, ასეთი მობილიზებული და ამ დონემდე აწყობილი სხვა ევროპული საკითხებიც გვქონდეს. მაგალითად, საგარეო პოლიტიკა. ჯერ იყო და 7 ნოემბრამდე ყველას ეგონა (რუსეთის გარდა), რომ საქართველო “ვარდების რევოლუციის” ქვეყანაა; შემდეგ დაიწყო გამორკვევის პერიოდი, სახელწოდებით “უი, საქართველოში რამე მოხდა?”. ამასობაში აგვისტოს ომიც მოვიდა და მითმა, რუსეთის მიერ საქართველოს ჩაგვრის შესახებ, 4-5 თვეს გაძლო. საინტერესოა, ახლა რა ქვია საქართველოს ევროპის თვალით? “მარად რევოლუციების მოყვარული Georgia” თუ “just Georgia”? თუ სულაც დავიწყებას მიეცა? მე მგონი, მესამე.
დღეს მსოფლიოში ისეთი ჩახლართული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სიტუაციები და ცვლილებებია, что вряд ли вспомнят о СТРАНЕ РОЗ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანასაც ისღა დარჩენია, ევროკავშირისა და, ზოგადად, ევროპის ქვეყანათა დროშების გვერდით თავისიც მიახატოს . ამით და Euronews-ის ამინდის პროგნოზში საქართველოს ჩასმით (by the way იქ ეგვიპტეც, ლიბიაც და ა.შ. ჩასმულია) თუ ვაპირებთ შორს წასვლას, შორს წავალთ.

…ჰოდა მეც წავალ, დავიძინებ და როცა აღთქმულ მიწამდე მიხვალთ, შემაღვიძეთ  

0

I'm Back

Posted by zurriuss on 12:13 AM
ჰოი, როგორ მომენატრა მიტინგები და გადაკეტილი რუსთაველის პროსპექტი. ცოტა ვიავადმყოფე და ვერა და ვერ მივაღწიე იქ, რომ სურათები გადამეღო მომიტინგეებისათვის. კიდევ 1-2 საინტერესო იდეა მომივიდა თავში და იმათაც შემოგთავაზებთ მალე. წავედი, გავქანდი რუსთაველზე.....!

0

14 აპრილი, 2009

Posted by zurriuss on 2:16 AM

ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მეჩვენება, რომ ხალხს მოსწყინდა მიტინგები. რატომ, ძნელი გასარკვევია. თვითონ მომიტინგეები შემართებულები არიან, პოზიციაც უცვლელია, მაგრამ სხვა მოქალაქეებს ყურები აქვთ ჩამოყრილი. თითქოს ბედს შეეგუვნენო. არ უნდათ სააკაშვილი, მაგრამ მიტინგზე დგომაც ეზარებათ. ერთი იმიტომ, რომ მიშას გადადგომისა არ სჯერათ, მეორეც იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილისნაირების მოსვლას ვარაუდობენ და “რა აზრი აქვს”-ო.
  როცა გაცილებით მეტს უნდოდა და სჯეროდა გამარჯვებისა, მაშინ არ დადგა ოპოზიცია მაგრად და დაიშალა (გასულ წლებს ვგულისხმობ), თუმცა, მეორე მხრივ, მაშინ პროვოკაცია ხელისუფლებისათვის ასე დამღუპველი არ ყოფილა. ხელისუფლება საერთოდ გონზე არ იყო, რა და როგორ უნდა მოემოქმედებინა. დარწმუნებული ვარ, მაშინ პროვოკაციის მნიშვნელობასაც ვერ ჩასწვდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ოპოზიცია მანამ არ გაჩერდება, სანამ მთავრობას ყელში არ ამოუვა, რომ ამით შემდეგ ხალხის ტალღა ააგოროს. მთავარია, დროზე მოახერხოს ეს, რათა მხარდამჭერები არ შემოეცალონ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელისუფლება ამას მიხვდა და ცდილობს, ყველაფერზე თავი დახაროს. 
  სააკაშვილის რეზიდენციის გარშემო უკვე კარვები დგას. ჰოდა, ხელისუფლებაც ითმენს. ითმენს რევოლუციის შიშის ფასად. ჯერჯერობით ორივე მხარე რაციონალურად თამაშობს,  ეს გარეგნულად, თორემ შიგნით რაც ხდება, ამაზე მხოლოდ ფიქრი შეიძლება და ეს უკვე ცალკე თემაა, რასაც მე ვერ გავწვდები.
  მიტინგზე საღამოს 10 საათისათვის მივედი. ისე, ერთ დროს სწრაფი მანქანების გრიალით დამფრთხალ ტრასაზე დასადგურებულმა სიმშვიდემ გამაოცა. თურმე რა კარგი ყოფილა ცოტა ხალხი, ნაკლები შეძახილი და სანახევროდ ცარიელი მიტინგი. საქმე მაინც კეთდება და რაღა აზრია ქვს, რამდენი კაცი დგას იქ (ნამდვილი ქართული გაგებით), მაგრამ აზრი იმას აქვს, თუ ვინ დგას ტრიბუნასთან. ამ შემთხვევაში ჯერ კოკიტო საუბრობდა და შემდეგ უწმაწურ ეკონომისტად მონათლული გია მაისაშვილი.
  სწორედ კოკიტოს გამოსვლისას მივედი რუსთაველზე და, რომ ის საუბრობდა, ამაში დამარწმუნა “ხუნტამ”, რომელსაც ყველა წინადადებაში მოიხსენებდა. მის გამოსვლას, რა თქმა უნდა, თან ახლდა ბექ-ვოკალი “ზვიადი! ზვიადი!”-ს სახით.
  მაისაშვილმაც, თავის მხრივ, იქნია ხელ-ფეხი, რათა უფრო "ამერიკულად" ანუ დამაჯერებლად ესაუბრა. ხალხიც უსმენდა. აბა, რა ექნა. მაგის გულისთვის ხომ არ გაბრუნდებოდა უკან. მიხვდა რა, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვა უდროო იყო, გიამ ნაცადი ხერხი გამოიყენა და “საქართველოს გაუმარ...!” შემოსძახა. გაჭრა.
  ამის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ გავემართე და ღამენათევ კარვებს დავხედე...

ტაქსი მობილიზებულია



"იმედი" ცელოფანზე

ჩურჩხელები სხვენში

no comment

მაისაშვილი: ხედი წინიდან

მაისაშვილი: ხედი უკნიდან

რეზიდენციის გალავანზე...





ყველგან საჩიროა კაი ქარრრრრთული წაქეიფება

უცნობმა ბრძანა, საკნებიო და მეორე დგეს ესენიც გაჩნდა


კარვები, ვითარცა პირამიდები...





ახლა, შიგნითაც შევიხედოთ









ორმაგი დანიშნულების კარავი: თან ღამეს ათევ, თან პატიმარი ხარ


0

პრეზიდენტის რეზიდენციის სერიოზული გამოცდა

Posted by zurriuss on 4:08 PM in

13 აპრილი. უკვე ტრადიციადქცეული მოღრუბლული დღე წვიმით იმუქრება. წამოვიდეს, რა პრობლემაა? დიდი სიამოვნებით შევუშვერდი უქუდო თავს. მთავარია, არ დავიჯერო, რომ გავცივდები. აი, რწმენა რამდენს ნიშნავს! ჩემი აზრით, მიტინგზე მდგომმა ხალხმაც რომ ეს თერაპია გაითავისოს, შედეგს უფრო მალე გავიგებდით. სხვათა შორის, ოპოზიციამ უნდა დააჯეროს ხალხს, რომ დღეს თუ ხვალ, სააკაშვილი წავა. მაგრამ ვერა და ვერ გაერთიანდნენ как следует, თორემ აქამდეც სერიოზულად შეარყევნდენ პრეზიდენტის სავარძელს.
  დღეს კი, რეალურად, არავინ იცის, რამდენად ეშინია პრეზიდენტს. ან ეშინია თუ არა იმდენად, რომ თავისით გადადგეს. ხელისუფლების ნერვიულობაზე ის ფაქტი მიგვითითებს, რომ სამთავრობო შენობების დაცვა შემწვარი ვაშლივით ტკბილი და ლოიალური გახდა. თუმცა ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული. რა იცი, რას მალავს, რას ამზადებს? ან სულაც ვერ ხვდება, რას ამზადებს, რადგან მოვლენებისადმი არაადეკვატურია? არაადეკვატურობასთან ზოგჯერ პრობლემა აქვს ოპოზიციასაც (საერთო, თუნდაც დროებით, მიზანს ვგულისხმობ), თუმცა ამ შემთხვევაში, ოპოზიცია, როგორც არასდროს, ისე უქმნის საფრთხეს ხელისუფლებას.
ამ ფიქრებით ვიყავი ავტობუსში გართული, როდესაც დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, ავლაბრის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და ფეხი არ გაადგაო. ნუ, რა თქმა უნდა, ფეხი კი არა, ფრთები გამოვისხი და ისე გავქანდი. გამიმართლა: ჩემს თვალწინ ჩამოიარეს აქციის მოწინავეებმა. თითქოს, მე მიცდიდნენ....

თრთოდე რეზიდენციავ, народ идет!...


ამ კაცს XIX საუკუნის ხატი უჭირავს, ზუსტად ვიცი. გრძელი ისტორიაა


გუნავა დაგვპირდა, გვეშველებაო. ვაცალოთ?


როდის, თუ არა ახლა, იპოვი უკეთეს დროს სურათის გადასაღებად? სურათზე კი უპრობლემოდ მიაწერ, რომ ყველა, შენ უკან მდგომი, შენი ფანია :)

წინ....

აბა, ვინ მიასწრებს აღთქმულ მიწამდე!...


რეზიდენცია в своей красоте

გალავნის მიღმა კი...

ერთ-ერთმა აქტივისტმა ივაჟკაცა და არ შეუშინდა ტერმინატორებს...


გალავანზე აძვრა და, მიმდევრობით, კომბოსტო, სტაფილო და ბანანი მიამაგრა

ყოველივე ეს კი, მისი თქმიტ, სააკაშვილის, როგორც კურდღლის, მენიუა. მერე "ეს საწყალი კურდღელი"-ც დაამღერა შეძლებისდაგვარად. თუმცა, ხალხის რეაქცია ადეკვატური რომ არ აღმოჩნდა, 2 სტროფის შემდეგ, აღარც გაუგრელებია.


ეს სახლი პრეზიდენტის სასახლის გვერდით


...და ამ სახლშიც ცხოვრობენ



კუკავას ქარიზმა ღობის ფიცრებს შორისაც ატანს
ბრეზენტგადაფარებული ტექნიკა, რომელიც, ამჯერად, მიძინებულია, სავარაუდოდ, ბეტეერი და წყლის ჭავლის სატყორცნი მანქანაა
როცა დაცვა არაფერს გესვრის, კედელსაც ქე მიეყრდნობი :)
გალავანზე "ამოსვირინგებულმა" მოზაიკამ ძველი და კარგად ნაცნობი СССР-ი მომაგონა. არადა, როგორ გავს!...
ყველა პოლიტიკოსი თავის მხარდამჭერთან იღებს სურათებს

დათუნიას თაფლი უნდა...

0

12 აპრილი, ბზობა

Posted by zurriuss on 9:49 AM in
  როგორც ყოველთვის, მეტროს პირველი ვაგონის მესამე კარში შევედი და იქვე, ხელმარცხნივ დავჯექი. სამების ტაძარში მივდივარ. იმედია, ნორმალრ ადგილას მოვხვდები. თუმცა, სადაც უნდა მოხვდე, მთავარია, ფიქრითა და აზრით უფალთან იყო. ისე, ძალიან მიყვარს, როცა ხალხით გადავსებული ეკლესიის ერთ პატარა კუთხეში ვარ ჩემთვის შეყუჟული. მაშინ თვალებს ვხუჭავ, რომ ყურადღება არ გამეფანტოს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, ყველაზე უფრო, ალბათ, ეკლესიაში ახერხებს ადამიანი. აბა, რისთვისაა ტაძარი...
  ვერა და ვერ გავიხსენენე, მობილურში გალობა ჩამეწერა. Kyrie Eleison მომენატრა. ახლა გუსტავ მალერის ადაჯიოს ვუსმენ მეტროს რიტმული ხმაურის ფონზე. აი, “გადასასვლეი მეორე ხაზზე”-ც. ამდენი აკანკალებული სახე, ამდენი დაბრეცილი კიდური, ამდენი არაადამიანურად მომზირალი სახე... საშინელებაა! გული მტკივა. საკუთარი თავის მრცხვენია. ზოგჯერ ეს გრძნობა ისე მიმძაფრდება, რომ თავაღერილი ჩავურბენ ორ მეტროსადგურს დამაკავშირებელ დერეფანს. საშინელებაა, როცა ფიქრობ, თითქოს მათ ვიღაცამ მიწისქვეშ ცხოვრება და საქმიანობა უბოძა. თითქოს, ზემოთ ისინი არავის სჭირდება. მაგრამ აქ ჭირდებიან ვინმეს?... არადა, მათს ცხოვრებაშიც უთუოდ იქნებოდა ბედნიერი მომენტები, როდესაც, სიხარულით აღტაცებულნი, მადლობას ეტყოდნენ ღმერთს, რათა ზუსტად ისეთებად გააჩინა, როგორებიც არიან. 
  ყველა ჩვენგანი, მიუხედავად მრავალი ოცნებისა უკეთესი ან სასურველი ყოფის შესახებ, მაინც იმ სხეულსა და იმ გარემოში ვამჯობინებთ ყოფნას, რომელიც ინდივიდუალურად, დაბადებიდანვე მოგვყვება. იმიტომ, რომ მანკიერ სხეულშიც და ცხოვრებაშიც კი კარგი დევს. მთავარია, დაინახო იგი, შემდეგ კი – დააფასო და აღმოჩენილი ღირებულებით იცხოვრო. 
  ამიტომ, ყოველი ჩვენგანი, ოდესღაც, რამდენიმე წამით მაინც, უბედნიერესი იქნებოდა იმიტომ, რომ ის იყო, ვინც სინამდვილეში არის და არა ის, ვინად ყოფნაზეც ოცნებობს.
  ...”ავლაბარი!” ჩავედი...

Copyright © 2009 zurriuss-დღიური All rights reserved. Theme by Laptop Geek. | Bloggerized by FalconHive.